ერთი შეხედვით, თითქოს, კომბუჩა ჯანსაღი ცხოვრების ეპოქაში გაჩნდა, თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ჩვენს რეალობაში მის ამ უეცარ ცნობადობას ,,ხელახალ დაბადებას’’ დავარქმევთ. როგორ იმოგზაურა და რა გზა გამოარა ჩვენამდე კომბუჩამ, ყველაფერს ამ ბლოგში გიამბობთ.
კომბუჩას წარმოშობის შესახებ ბევრი ლეგენდაა ცნობილი. ზუსტად სად და როგორ შეიქმნა ეს ცოცხალი სასმელი არავინ იცის, თუმცა, ამ ამბის შესაძლო ვერსიები უხვად არსებობს. მათ შორის კი, ყველაზე გავრცელებულ ისტორიებს მოგიყვებით.
ჩინეთის უკვდავების ელექსირი
პირველი ლეგენდა კომბუჩას შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200/221 წლით თარიღდება, რომლის მიხედვითაც კომბუჩა ჩინეთში შეიქმნა. უკვდავების ელექსირის ძიებისას ჩინის დინასტიის იმპერატორმა ,,ჩაის სოკოც’’, იგივე კომუჩა გასინჯა. ეს ისტორია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კომუჩას მოყვარულებს კომბუჩა ,,უკვდავების ელექსირად’’ ეღიარებინათ და ეს ამბავი მის აღმოჩენად მიეჩნიათ.
იმპერატორის მკურნალი
ეს ლეგენდა ახალი წელთაღრიცხვის 415 წლით თარიღდება, როდესაც სილას სამეფოს (იგივე კორეა) ექიმი იაპონიაში იმპერატორის სამკურნალოდ მიიწვიეს. იმპერატორი ფერმენტირებული ჩაით განიკურნა. ექიმის სახელი კომბუ იყო ,,ჩა’’ კი, იაპონურად ჩაის ნიშნავს. ამ ლეგენდის მიხედვით კომბუჩას სახელიც სწორედ აქედან მოდის — ,,ექიმი კომბუს ჩაი’’.
უცნაური დამთხვევა
თუკი ექიმი კომბუ მართლა არსებობდა, თეორიულად კომბუჩას სახელიც მას მიეწერება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იაპონიაში ,,კომბუჩა’’ წყალმცენარე კელპის ჩაის ნიშნავს (იაპონურად კელპი ,,კომბუს’’, ,,ჩა’’ კი, ჩაის ნიშნავს), რომელიც სრულიად სხვა სასმელია.
ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ არ ვიცით კომბუჩას წარმოშობის ნამდვილი ისტორია, თუმცა, ამ ლეგენდებიდან ერთი დასკვნის გამოტანა მაინც შეგვიძლია: ყოველი მათგანი კომბუჩას სასარგებლო თვისებებს გვიდასტურებს.
ანტიკური სავაჭრო გზებით, კომბუჩა ინდოეთში, ევროპაში, ბოლოს კი, შორეულ დასავლეთშიც გავრცელდა. ზოგიერთი კვლევების მიხედვით, აღმოსავლეთ აზიიდან კომბუჩა ჯერ რუსეთში ან უკრაინაში, ან სხვა ვერსიით, გერმანია-შვეიცარიაში გავრცელდა. აღსანიშნავია ის, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ბრძოლამდე აუცილებლად კომბუჩას სვამდნენ.
ომის პერიოდის შემდეგ კომბუჩამ ფარმაცევტების ყურადღება მიიქცია. ხან ,,ჩაის სოკოს’’, ხან ,,იაპონიის სოკოს’’, ხანაც ,,მო-გუს’’ (ჩინურ ენაზე ნიშნავს სოკოს) ეძახდნენ. 1950-იან წლებში იტალიელებმა განსაკუთრებით შეიყვარეს, 60-იან წლებში კი, გერმანელებმა უკვე მისი მეცნიერულად შესწავლა დაიწყეს.
კომბუჩას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებმა ყველას მარტივად შეაყვარა თავი. ძირითადად, სასმელს სახლში აყენებდნენ, 1995 წლიდან კი, აშშ-ში კომბუჩას კომერციული წარმოებაც დაიწყო. კომბუჩას კომეციალიზაცია დაკავშირებულია ჯითი დეივის სახელთან, რომელმაც კომბუჩას ოჯახური ბიზნესი საერთაშორისო კორპორაციად აქცია. ეს ენთუზიაზმი კი, დაკავშირებული იყო დეივის რწმენასთან რომ სწორედ კომბუჩამ განკურნა მისი დედის სიმსივნე.
ამ პერიოდის კომბუჩა ოდნავ შეიცვალა კიდეც, თუ აქამდე უფრო მძიმე და სამედიცინო სასმელი იყო, კომერციალიზაციამ ის უფრო ფუნქციურ ცოცხალ სასმლად აქცია, რისი მთავარი მიზანიც იყო სასმელი უფრო სასიამოვნო გემოს მქონე გამხდარიყო, თუმცა თან მაინც შეენარჩუნებინა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, კომბუჩას წარმოება კვლავ იზრდება. აშშ-ში კომბუჩა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მარკეტია და მისი პოპულარობაც სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც გაყიდვების სტატისტიკაც ადასტურებას. მაგალითად, 2021 წლის მონაცემებით ამერიკის ბაზარზე კომბუჩას გაყიდვებმა $2.59 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურ 30%-იან ზრდას ნიშნავს.
ასე იმოგზაურა კომბუჩამ შორეული აღმოსავლეთიდან ჩვენამდე. უძველესი ტრადიციის ახალი სიცოცხლე დღესაც გვიხალისებს განწყობას, გვმატებს ენერგიას და ეხმარება ჩვენს ორგანიზმს გამართულად ფუნქციონირებაში. სასარგებლო თვისებებთან ერთად კომბუჩას მისტიკურობაც არ აკლია, რაც სასმელს ორმაგად სძენს ხიბლს და იქცევს ჩვენს ყურადღებას.