უცნაური ფაქტები კომბუჩაზე
მიუხედავად იმისა, რომ კომბუჩაზე, მის მისტიკურობაზე, სასარგებლო თვისებებსა და სხვა უამრავ ფაქტზე წინა ბლოგებში უკვე გიამბეთ, მის შესახებ უცნაური და თან საინტერესო ფაქტები კიდევ არსებობს. აი, ისინიც:
იცოდი, რომ ადამიანები კომბუჩას დედას ქსოვილად, მატერიად, იყენებენ?
მართალია, მთლად ტყავს ან აბრეშუმს ვერ გაუწევს კონკურენციას, თუმცა, კომბუჩას კულტურა, იგივე სკობი, გამომშრალ ფორმაში ქმნის ნაჭრის მასალას, რომელსაც მიკრობული უჯრედისი ეწოდება. გამოშრობის შემდეგ ძირითადად, ორგანულად, მცენარეული საღებავებითაა შესაძლებელი მისი ფერის შეცვლა. შეგრძნებითა და ვიზუალით ეს ქსოვილი ტყავს წააგავს და მისგან პიჯაკების, პერანგების და ფეხსაცმლის შექმნაც კი შეიძლება, თუმცა, ყველაზე ხშირ შემთხვევაში მას უნაკერო ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებენ. შედეგად, ასე შექმნილი ტანსაცმელი ვეგანურია და ცხოველებზე საზიანო ზეგავლენას ეწინააღმდეგება.
კომბუჩას სიცოცხლის ელექსირს ეძახიან
ისეთი სასმლის არსებობა, რომელსაც სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, ნამდვილად ჰგავს ფანტასტიკის სფეროს. თუმცა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ, პრობიოტიკების მიღების მიზნით, პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ექიმმა ყოველდღე ერთი ბოთლი კომბუჩას დალევა დაუნიშნა. კომბუჩა, როგორც სიმსივნის მკურნალი სასმელი, რა თქმა უნდა, შესწავლილი არ არის. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმსივნე პრეზიდენტ რეიგანს 72 წლის ასაკში აღმოუჩინეს, მან კი, 93 წლამდე იცხოვრა.
კომბუჩა სალათის დრესინგადაც გამოდგება
ძალიან ფერმენტირებულ კომბუჩას სამზარეულოში საკუთარი, საკმაოდ მშვენიერი ადგილი აქვს. კომბუჩას მომზადებისას, შემთხვევით თუ გამიზნულად მიღებული მჟავე გემო ერთ-ერთი საუკეთესო დრესინგია ჯანსაღი სალათების მოსამზადებლად. ამ ფაქტს მოწმობს ისიც, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად აღიარებული Noma უკვე რამდენიმე წელია საკუთარ მენიუში სალათის მოსამზადებლად კომბუჩას დედას იყენებს. ასეთი კომბუჩას გამოყენება ძმრის მაგივრადაც არის შესაძლებელია.
ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სასმელი
2014 წლის მონაცემებით კომბუჩას გაყიდვებმა 400 მილიონ დოლარს მიაღწია, მას შემდეგ კი, ეს რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 30%-ით იზრდება, რაც სასმლის ინდუსტრიისთვის ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ბოლო წლების მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში კომბუჩას გაყიდვებმა 2.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
და ბოლოს, კომბუჩას საერთაშორისო დღეც არსებობს
კომბუჩას აღმოჩენის შესახებ ლეგენდის პატივსაცემად, კომბუჩას მოყვარულებმა ცოცხალ სასმელს დღე მიუძღვნეს, აღსანიშნად კი, 21 თებერვალი აირჩიეს. ლეგენდის თანახმად კომბუჩა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 221 წლით თარიღდება, რაც ჩვენს რეალობაში 21 თებერვლად (2.21) გადმოითარგმნა.
ერთი წაკითხვით, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ყველა ამბავი უტყუარია. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომბუჩა ფუნქციური სასმლის სტატუსს ორმაგად ასრულებს. არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ თვისებას იტევს, არამედ, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ფუნქციებსაც ითავსებს.